"ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის არმიის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ არსებობს სამხილებიც. კერძოდ, ერაყის მთავრობა აცხადებს, რომ ჯიჰადისტებმა მცირე რაოდენობის მომწამვლელი ნივთიერება ქალაქ ტიკრიტთან ბრძოლის დროს გამოიყენეს.
ამას გარდა, "ბიბისის" რეპორტიორებს ერაყელმა ინჟინრებმა აჩვენეს ვიდეომასალაც, სადაც ჩანს ნარინჯისფერი კვამლით დაფარული ტერიტორია. თუმცა, გამოყენებული ქიმიური იარაღის მოცულობა მცირე იყო, რაც სამხედროების სიკვდილს არ გამოიწვევდა. ანალიტიკოსების განცხადებით, ჯიჰადისტების ქმედების მიზანს, სავარაუდოდ, ერაყის არმიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა წარმოადგენდა.
ე.წ. ისლამური სახელმწიფო ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ერაყის შეიარაღებული ძალები ამჯერად ქალაქ ტიკრიტის გათავისუფლებისთვის იბრძვიან.