ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და ვინ რას გააკეთებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ხალხზე ზრუნვა და საქმის კეთება შოუ მასკარადების გარეშე. "ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხალხზე, ადამიანებზე, დანარჩენი ფორმალობები – ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმე გავაკეთოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად, რაღაც შოუ მასკარადების გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არასდროს უთქვამს. "ვინც არის დაინტერესებული საქმე გააკეთოს, ის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან. არასდროს უარი არ გვითქვამს არავისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე, შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს, ვინ რას გააკეთებს. ჩვენ ყველანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები, უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებსა და საქმის კეთებაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.