საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ მოიცავს. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აისახება საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმების რეალიზება რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობაზე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
"შეთანხმება არც სოხუმისთვის და არც ცხინვალისთვის არ აჩენს რაიმე ვალდებულებებს ისევე, როგორც შვეიცარიის კერძო კომპანიის მოზიდვა ცალკეული საბაჟო საკითხების ადმინისტრირებისთვის და არ ვრცელდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს უკავშირდება საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებს იმ კონკრეტულ საზღვრებში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.
"მართლაც არის სწრაფვა იქითკენ, რომ ეს შეთანხმება ამუშავდეს, რათა ამ შვეიცარიულმა კერძო კომპანიამ მუშაობა დაიწყოს და, რომელიც ამ შეთანხმებით ჩართული იქნება სააუდიტორო-საბაჟო სტატისტიკაში. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ შეთანხმებაში ჩადებული პრინციპები მკაფიოდ იყოს დაცული", - განაცხადა ლავროვმა.