„ციფროვიკმა“ საქართველოს ბაზარი დატოვა

„ციფროვიკმა“ საქართველოს ბაზარი დატოვა

ტექნიკის მაღაზიათა ბელორუსული ბრენდი „ციფროვიკი“ დაიხურა და. შესაბამისად, კომპანიამ ქართული ბაზარიც დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ კომპანიის მენეჯმენტი „კომერსანტთან“ საუბარში კატეგორიულად უარყოფდა სერიოზული პრობლემების არსებობას, დღეს საქართველოში მისი ყველა ობიექტი დახურულია. 

“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბრენდი თავად ბელორუსშიც დაიხურა. რაც შეეხება მიზეზებს, ჩვენი ინფორმაციით, პირველ რიგში, გადამწყვეტი აღმოჩნდა ელექტრონული ტექნიკის მცირე მაღაზიის ფორმატი, რომელმაც ვერ გაამართლა. კომპანიის დახურვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ფასებიც. მიუხედავად იმისა, რომ „ციფროვიკი“ პროაქტიური გაყიდვებით გამოირჩეოდა და მასში წარმოდგენილი 5 ბანკი განვადებებს მარტივად ამტკიცებდა, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ დასახელებული ფორმატი და მაღალი ფასები აღმოჩნდა კომპანიის წარუმატებლობის მიზეზი. 

გასული წლის ზაფხულში „ციფროვიკმა“ ქართულ ბაზარზე ფილიალები დახურა და თანამშრომლები შეამცირა. ამის მიზეზად „ციფროვიკი–საქართველოს“ დირექტორმა ვლადიმირ კარპიცკიმ commersant.ge–სთან საუბარში არა უშუალოდ ბიზნესში. არამედ საქართველოში არსებული ეკონომიკური სირთულეები და ბანკების გამკაცრებულ საკრედიტო პოლიტიკა დაასახელა.

იმ მომენტისთვის თბილისში „ციფროვიკის“ 5 მაღაზია მუშაობდა.

კარპიცკი ამტკიცებდა, რომ ობიექტების დახურვა ბიზნესის სრული რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. „კომერსანტის“ შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ფილიალების დახურვა „ციფროვიკის“ მაღალ ფასებს, რის შესახებაც მომხმარებელი ხშირად ჩიოდა, კარპიცკიმ განაცხადა, რომ მათთან ფასი პროდუქციის ხარისხისა და საგარანტიო მომსახურების შესაბამისია. 

ბელორუსში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო მაღაზიების ქსელმა „ციფროვიკმა“ საქართველოში პირველი გალერეა თბილისში, პეკინის 14ა-ში, 2011 წლის ნოემბერში გახსნა. 

კომპანიის მენეჯმენტი ქსელის გაფართოებას მთელი საქართველოს მასშტაბით 30 მაღაზიამდე გეგმავდა. ქსელის განვითარების დასრულებისას, მასში 150-ზე მეტი თანამშრომელი უნდა დასაქმებულიყო.