უნდა ვაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოს მიმდინარეობა

უნდა ვაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოს მიმდინარეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეული პროექტი და სამუშაოს მიმდინარეობა უნდა გაკონტროლდეს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"დღეს თქვენთან ერთად მინდა განვიხილო ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ამ პროექტების ბიუჯეტის ათვისების საკითხები, დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, პროექტების სწრაფად განხორციელების საკითხები, პროექტირება, სამუშაოების შესრულება, დაგვიანებული და გრძელი პროცედურები, ექსპერტიზები, ტენდერების ჩავარდნები, კომპანიების არასწორი შერჩევა და პროექტების და სამუშაოს ცუდი ხარისხი, ვადების დარღვევა, უმოქმედობა, პასუხისმგებლობის არ აღება, პრობლემები ტენდერების გამოცხადების ეტაპზე. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით არის ხარვეზები და ეს უნდა გამოვასწოროთ ერთად. რამე დაუძლეველი პრობლემა არ არის ჩემს ჩამონათვალში, ყველა არის მიმდინარე პრობლემა და ამის გადაწყვეტა შეგვიძლია ერთობლივი ძალისხმევით. ასევე მინდა ვიმსჯელოთ ტენდერების შეწყვეტის მიზეზებზეც, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სატენდერო კომისიების მუშაობაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგჯერ ხარისხის პრობლემები არის გამოწვეული ზედამხედველობის სამსახურების პრობლემით. პრემიერმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს და გააქტიურდეს ზედამხედველობის სამსახურები.

"რიგ რაიონებში არ არიან ისინი სრულყოფილად და მუდმივად ჩართული სამუშაოებში და შესაბამისად, ვერ ფლობენ სრულ ინფორმაციას პროექტის შესრულების პერიოდში წარმოშობილ პრობლემებზე, ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები პროექტების სრულყოფილად შესრულებაზე შემსრულებელ კომპანიასთან მიმართებაში. მუნიციპალიტეტების და პროექტის ავტორების მხრიდან ზოგიერთ შემთხვევაში არ ხდება სამუშაოს მიმდინარეობის პროცესის კონტროლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოს მიმდინარეობა, დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სრულყოფილად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას ასევე სურს განიხილოს ტენდერების ჩავარდნა დოლარის კურსის გამო. პრემიერი აღნიშნავს, რომ სასწარფოდ ერთობლივი ზომები უნდა მიიღონ.

"ამას, მე ვფიქრობ, მარტივად მოვაგვარებთ. საჭიროების შემთხვევაში, მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება გამარტივებული ერთკვირიანი ელექტრონული ტენდერები გამოაცხადოთ, ან პირდაპირი შესყიდვის ნებართვა ითხოვოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.