რეგიონებისთვის განვითარების გეგმა მზადდება

რეგიონებისთვის განვითარების გეგმა მზადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხედრისას განაცხადა, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, იქ არსებული პოტენციალი და რესურსები.

"შედეგად ჩვენ გამოვავლინეთ პრიორიტეტული მიმართულებები, საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები, რაც არსებობს რეგიონში, რა მიმართულებითაც ჩვენ განვახორციელებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული პოტენციალი, რაც ამა თუ იმ რეგიონს აქვს. ხდება მობილიზება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ინიციატივა გულისხმობს მეწარმეთა მაქსიმალურ ხელშეწყობას, რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას და სხვა ღონისძიებებს.

"აქ თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახდება კიდევ უფრო მეტი ახალი საწარმოს, მეტი ადამიანის დასაქმების და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საფუძველი", - მიმართა ღარიბაშვილმა დღევანდელი შედხვედრის მონაწილეებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან აპირებს, მომავალი კვირიდან დაიწყოს რეგიონში გასვლითი ღონისძიებები. პრემიერის განცხადებით, პირველი შეხვედრა გაიმართება სამცხე-ჯავახეთში.

"შემდეგ პირადად ჩავალ ყველა რეგიონში ამ პროგრამის მაქსიმალურად დასაჩქარებლად. ჩვენთვის მთავარი არის განვითარება", - განაცხადა პრემიერმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე.