არ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო, ის თავის პასუხისმგებლობით მოქმედებს

არ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო, ის თავის პასუხისმგებლობით მოქმედებს

ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობის წევრები ნაწყენი არიან იმის გამო, რომ "პრეზიდენტი წამოეგო "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას, როცა რიგგარეშე სხდომა დანიშნა".

"თქვენ ახსენეთ სიტყვა "ნაწყენი". ვინც ნაწყენია, ცივი წყალი დალიოს, ბევრი მაქვს მაცივარში, მობრძანდნენ, ყველა მხრიდან. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიკეთონ აცრა ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ამ ტიპის კატეგორიებზე. პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება არ წარმოვიდგინოთ როგორც აპოკალიფსური მოვლენა. ჩვენ ყოველდღიურად განსახილველი გვაქვს უამრავი საკითხი. კონკრეტულ საკითხში უმრავლესობის წევრთა მოსაზრება არის გასხვავებული პრეზიდენტის მოსაზრებისგან, ამ განსხვავებულობის ავ-კარგიანობისა და სისწორის შემფასებელი არის საქართველოს მოსახლეობა. მე არ მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო, ის თავისი პასუხისმგებლობით და გადაწყვეტილებებით მოქმედებს. პრეზიდენტიც ცდება ხანდახან, პარლამენტის თავმჯდომარეც ცდება, მთავრობის წევრიც ცდება, ოპოციაციაც. შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას კონსტიტუციის საზღვრებში მოქმედებდა, რაც შეეხება მიზანშეწონილობის საკითხს, უსუფაშვილის თქმით, ამაზე შეიძლება განსხვავებული აზრები არსებობდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს, საკუთარ თავსაც, მთავრობას, პრეზიდენტს მიუთითა, რომ ნუ ექნებათ წარმოდგენა, თითქოს რიგგარეშე სხდომების მოწვევის მექანიზმებით პროცესს სხვა მხარეს წაიყვანენ.

"პარლამენტი არის პარლამენტი. აქ გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილი წესით. მოწვეულია რიგგარეშე სხდომა? – კი ბატონო, იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, უნდა შევეგუოთ, რომ იქნება განსხვავებები", - დასძინა უსუფაშვილმა.