გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თელავში ძმებს, ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს პოლიციის თანამშრომელმა ესროლა, ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.
"ინტერპრესნიუსი" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პროკურატურამ თელავში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ირაკლი ბოჭორიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ძმებ ბოჭორიშვილებს პოლიციელმა ესროლა, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს.
თელავში, ლეგიონის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ძმებს - ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი დაჭრილია.
შემთხვევა ბოჭორიშვილების საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ძმებ ბოჭორიშვილებს ცეცხლი პოლიციის თანამშრომელმა გაუხსნა.