აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები კიევში იმყოფებოდნენ, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს შეხვდნენ. ისინი ბათუმში დღეს დაბრუნდნენ.
როგორც ჟურნალისტებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ განუცხადა, სააკაშვილთან შეხვედრა შედგა როგორც პარტიულ ლიდერთან და განიხილებოდა პარტიის შემდგომი განვითარების საკითხები.
"ჩვენ შევხვდით ჩვენს ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რეგიონის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან ვარშალომიძეს და ჩვენს კოლეგებს უკრაინაში - ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებს. კოლეგებთან ჩვენ სადეპუტატო მუშაობის გამოცდილებები გავცვალეთ. მიხეილ სააკაშვილთან იყო რიგითი შეხვედრა. თქვენ იცით, რომ იგი საქართველოში ვერ ჩამოდის, ამიტომ ჩვენ ჩავდივართ მასთან. ასეთი იყო ტრაბზონის შეხვედრაც და ახლა - კიევი. არავითარ დესტაბილიზაციაზე საუბარი არ ყოფილა, ეს არის აბსურდი. მიხეილ სააკაშვილთან ვისაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ საკითხებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ დავიბრუნოთ მოსახლეობის ნდობა. სავსებით ლოგიკურია, რომ ყველა პარტია ცდილობს გარკვეული დივიდენდების დაგროვებას და არჩევნებისთვის მხარდამჭერთა მობილიზებას. მინდა გითხრათ, რომ რეგიონში გაჩერებული პროექტებისა და შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ არაერთი მშვიდობიანი აქცია ჩაგვიტარებია. გამოვრიცხავ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციებისთვის მზადებას. "ნაციონალურ მოძრაობა" ბევრი მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორია. მშვიდობიანი იქნება ეს აქციაც. თუ მაინც მოხდება რაიმე, პასუხისმგებლობა იქნება მოქმედ ხელისუფლებაზე. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილი რაიმე არეულობას გეგმავს საქართველოში ან საიდანმე უხელმძღვანელებს ამ პროცესებს. ჩვენ არ გვსურს და არაფერში გვჭირდება დესტაბილიზაცია.
რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, იგი მართლაც წაადგება რეგიონს ახლა თავისი გამოცდილებით, მაგრამ ჩვენ არ გვისაუბრია საკადრო ცვლილებებზე და აჭარაში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებზე. არც უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარება განხილულა დეტალურად. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ჩვენი პარტია რეგიონში. ვიმეორებ, ეს იყო ჩვეულებრივი პარტიული, რიგითი შეხვედრა", - განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ.
აჭარის უმაღლეს საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები უკრაინაში შაბათს გამთენიისას გაემგზავრნენ და ბათუმში დღეს დაბრუნდნენ.