ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, უარის თქმის შემდეგ, ბრალდებულმა საგამოძიებო სამსახური დატოვა.
კირკიტაძე ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, საგამოძიებო სამსახურში დღეს, 15:00 საათისთვის დაიბარეს. ბრალდებული უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. მან შეხვედრამდე მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ უსაფუძვლოა.
"ნაცვლად იმისა, რომ ეს სახელმწიფო სტრუქტურა, როგორც სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, დაკავებული იყოს, რათა უმძიმესი ყოფა შეუმსუბუქოს ხალხს, რომელიც საკუთარი უნიათობით შეუქმნეს, გადასულია პოლიტიკურ დევნაზე და სისულელეებზე. ეს არის რეალობა და 21-ში ყველას ვეპატიჟები, რათა შევცვალოთ ეს ადამიანები", - განაცხადა დავით კირკიტაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.
ყოფილ გუბერნატორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ბრალის წარდგენის დროს, კირკიტაძე აშშ-ში იმყოფებოდა. მას სასამართლომ 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.