დავით საგანელიძე:   პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მართებული არ იყო

დავით საგანელიძე: პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მართებული არ იყო

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, 12 მარტს, ხუთშაბათს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დარგობრივი ბლოკის მინისტრებს მოუსმენენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ აცნობა.

რაც შეეხება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 13 მარტისთვის არის დანიშნული, საგანელიძის შეფასებით, მას ეკონომიკურ საკითხებზე რიგგარეშე სხდომის ფორმატში მსჯელობის გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმას აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა მართებული არ იყო.

"რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდა ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნით. ეკონომიკური თემა და ის საკითხები, რაზეც არის საუბარი, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მასზე მსჯელობა საქმიანო ვითარებაში კომიტეტის ფორმატში გაიმართება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას იყო პარლამენტის ჩვეულებრივი პლენარული სხდომა, ოპოზიციას არც ერთი სიტყვით არ წამოუწევია ფინანსურ-ეკონომიკური თემები და ამ საკითხზე დებატების გამართვის აუცილებლობა. შესაბამისად, საგანელიძისთვის საინტერესოა, თუ რატომ ითხოვენ ისინი მაინცადამაინც რიგგარეშე ფორმატში საკითხზე მსჯელობას.

როგორც საგანელიძე აცხადებს, კარგი იქნება, თუკი პარლამენტში 12 მარტს დანიშნულ საკომიტეტო მოსმენას ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.