იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ირანის ელჩთან შეხვედრაზე ითქვა, რომ საელჩოს გუშინდელი განცხადება ორიგინალში განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ქართულად.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თეა წულუკიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.
"თეა წულუკიანმა და აბას ტალებიფარმა 2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ირანის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე, სამუშაო და სასწავლო ვიზებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბრის ძირითადი თემა საელჩოს გუშინდელი განცხადება არ ყოფილა.
"დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი. ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ირანის საელჩოს გუშინდელი განცხადება. ამაზე, ალბათ, თავად საელჩო ისაუბრებს. შეხვედრაზე აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში განცხადება განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ქართულად. ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი დღეს იყო ის ორასამდე შრომითი ბინადრობა, რომლებიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე 1-ლი სექტემბრიდან, 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1-ლი სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა",- განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესსამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას "არამეგობრულს" უწოდებს.
"ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქ–ნ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ–ერთო პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა, და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.
2 – ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართული ვერსიაც თავად ირანის საელჩომ გაავრცელა.
თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.
"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი? ვერ არის მაგალითად ბედნიერი ტურიზმის სააგენტო..... 2014 წლის 1 სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", -განაცხადა წულუკიანმა.