კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა ვალდებულია, პარლამენტის სხდომას დაესწროს

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა ვალდებულია, პარლამენტის სხდომას დაესწროს

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოთხოვნის შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის სხდომას და პასუხი გასცეს დეპუტატთა კითხვებს.

როგორც კონსტიტუციის 59-ე მუხლის მეორე პუნქტში წერია, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეორე პუნქტში კი ნათქვამია, რომ მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ.

პრეზიდენტმა პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედის მოთხოვნით, როგორც ამას ასევე კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა. რიგგარეშე სხდომა განსაზღვრული დღის წესრიგით უნდა ჩატარდეს და მის ამოწურვისთანავე დაიხუროს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს, 12:00 საათისთვის დაინიშნა. განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.