საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს მიაჩნია, რომ საქართველო ცდილობს, სავიზო პოლიტიკა იყოს სამართლიანი და თანამედროვე, იმართებოდეს წესებით და რეგულაციებით, რომლებიც თანხვედრაშია მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა.
"ყველა ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმსა და ბიზნეს, მაგრამ ამავე დროს წინ აღუდგეს ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანი იყვნენ ამ ქვეყნისთვის. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოლტიკა ამ მხრივ არის ქსენოფობიური. შესაძლოა, იყოს წარმატებები და წარუმატებლობი, მაგრამ მთავრობა მუშაობს ამ თემაზე და მიმაჩნია, რომ ცდილობს, მოაგვაროს ის საკითხები, რომლებიც წამოიჭრება ამ პროცესში", - განაცხადა ელჩმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის. "ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი?! ვერ არის მაგალითად ბედნიერი ტურიზმის სააგენტო..... 2014 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", - განაცხადა წულუკიანმა. მინისტრის ეს განცხადება საქართველოში ირანის საელჩომ გააპროტესტა და ”არამეგობრული” უწოდა.