ევროპარლამენტი ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული ფრონტის" მიერ შესაძლო ფინანსური მაქინაციების შესახებ იტყობინება. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
როგორც პარლამენტის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა ევროკავშირის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 20 ადამიანს, როგორც "ეროვნული ფრონტის" კანონმდებლების ასისტენტებს, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ხელფასს უხდიან.
"იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებსაც უხდის ევროპარლამენტი, პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრების მანდატის განხორციელებასთან", - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, თაღლითობის შედეგად დახარჯული თანხა 7.5 მილიონ ევროს აღწევს. აღნიშნულ საქმეს ევროკავშირის ანტიკორუფციული სამსახური გამოიძიებს. თავად "ეროვნული ფრონტის" ხელმძღვანელი, მარინ ლე პენი აღნიშნულს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.