ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქების მერებს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქების მერებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში მერებს შეხვდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრას თავადაც დაესწრება.

ნარმანიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრემიერს მიეწოდება ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ნარმანიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელ პროექტებზე იქნება საუბარი.

"ჩვენ მზად ვართ, რომ პრემიერს ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც ხელთ გვაქვს", - განაცხადა ნარმანიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც.

რას შეეხება კითხვას, რომ პრემიერ-მინისტრი ხვალ მერებს მისი ანგარიშის საფუძველზე ხვდება, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ასეთი შეფასება გადაჭარბებულია.

"ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, რომელზეც განხილული იქნება ის პროექტები, რაც მიმდინარეობს, პრობლემები თუ არის სადმე და დაისახება გზები იმისთვის, რათა პროცესები არ შეფერხდეს", - განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა საუბარი აუთვისებელ თანხებზე, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა - საუბარი შეეხება იმას, რომ გამოყოფილი თანხების ათვისებას გარკვეული პროცედურები სჭირდება.

"გამოყოფილი თანხების ათვისებას გარკვეული პროცედურები სჭირდება, რაზეც მე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. ეს არის ტენდერების გამოცხადება, საპროექტო სამუშაოები. ხვალ ჩვენ დეტალურად გავივლით ყველა ამ საკითხს", - განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე, არის თუ არა პრობლემები, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემები ყველგან არის.