საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის, თინათინ მჟავანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებთან პრეზიდენტის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თხოვნით გადაიდო.
როგორც მჟავანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგანელიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული თხოვნით დაუკავშირდა.
"ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის თხოვნითაც გადაიდო აღნიშნული შეხვედრა. მიზეზებს ვერ გეტყვით, ჩემთვის უცნობია", - აღნიშნა თინათინ მჟავანაძემ.
მისივე ვარაუდით, პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა "რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ გაიმართება".
რაც შეეხება იმას, ხომ არ უკავშირდება შეხვედრის გადადების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა თხოვნა პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას, მჟავანაძის თქმით, უმჯობესია ამის შესახებ მედიამ მმართველი გუნდის წევრებს ჰკითხოს.
ამასთან, დღეს "ინტერპრესნიუსთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გოგი თოფაძემ, რომელმაც შეხვედრის ჩაშლის მიზეზად სწორედ პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის დანიშვნა დაასახელა.