კონსტიტუციით, რიგგარეშე სხდომაზე მიწვეული მთავრობის წევრები ვალდებული არიან, სხდომას დაესწრონ

კონსტიტუციით, რიგგარეშე სხდომაზე მიწვეული მთავრობის წევრები ვალდებული არიან, სხდომას დაესწრონ

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ბიუროს პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომის დაბლოკვის უფლება არ აქვს, სხდომაზე მიწვეული მთავრობის წევრები კი ვალდებულნი არიან მას დაესწრონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, რომელმაც ის პროცედურები განმარტა, რასაც შესაბამის შემთხვევაში ქვეყნის მთავარი კანონი ითვალისწინებს.

მენაბდის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის საკითხი კონსტიტუციით ცალსახადაა დარეგულირებული, თუმცა უშუალოდ პარლამენტის რეგლამენტში ამ კუთხით გარკვეული ბუნდოვანება არსებობს.

"კონსტიტუციური პროცედურის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტის აქტის გამოცემის შემდეგ, მას ბიურო განიხილავს და ავტომატურად ამტკიცებს იმ დღის წესრიგს, რომელიც პარლამენტისთვის ქვეყნის პირველი პირის მიერაა შეთავაზებული. უკვე ამის მერე იმართება სხდომა და ყველა პირი, რომელიც მასზეა მიწვეული, ვალდებულია დაესწროს. პარლამენტის რეგლამენტში ამ თემის ირგვლივ გარკვეული ბუნდოვანება არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოვალთ, კონსტიტუციის მიხედვით, ეს საკითხი ძალიან ცალსახადაა დარეგულირებული. ქვეყნის მთავარი კანონით, ბიურო რიგგარეშე სხდომის მოწვევას ვერ დაბლოკავს და მოწვეული მინისტრებიც ვალდებულნი არიან არა მარტო გამოცხადდნენ სხდომაზე, არამედ პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომელიც მათ წინაშე დაისმევა. თუ არ გამოცხადდებიან, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ არგამოცხადება რამდენად იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, მაგალითად არსებობდა თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც სხდომაზე დასწრებას გამორიცხავდა, ან საქმე ხომ არ ეხებოდა გრძელვადიან ვიზიტს, რომლის გამოც კონკრეტულმა პირმა ვერ მოასწო ჩამოსვლა და ა.შ. უშუალოდ კონსტიტუცია სხდომაზე გამოუცხადებლობის "საპატიო მიზეზებს" არ განსაზღვრავს, თუმცა ისედაც შეიძლება იმის შეფასება იყო კონსტიტუციის დარღვეა თუ ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ვითარება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად აქვთ რიგგარეშე სხდომაზე დასწრების ვალდებულება თავად დეპუტატებს, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის განმარტებით, პარლამენტის წევრები ნებისმიერი ტიპის სხდომაზე - ეს იქნება მიმდინარე, თუ რიგგარეშე სხდომა, დასწრების ვალდებულნი არიან, თუმცა რიგგარეშე სხდომაზე არგამოცხადების შემთხვევაშიც მათზე იგივე სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება, რაც "ჩვეულებრივ შემთხვევაში ხორციელდება, როცა დეპუტატი სხდომას არ ესწრება".

"პარლამენტის რეგლამენტს მიხედვით, სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს ბიურო, მაგრამ ეს ხდება ორდინალური შემთხვევების დროს. ამჯერად საქმე გვაქვს არაორდინალურ შემთხვევასთან, თუმცა საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევისთვის რეგლამენტით სპეციფიური პროცედურა არ არის გაწერილი. სწორედ ამიტომ, ავტომატურად უნდა იმოქმედოს კონსტიტუციამ, სადაც წერია, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში ის უნდა შეიკრიბოს. მეორე საკითხია დეპუტატების დასწრება. პარლამენტარს ყველა ტიპის პლენარულ სესიაზე დასწრების ვალდებულება აქვს, ეს იქნება მიმდინარე თუ რიგგარეშე სხდომა და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე სამართლებრივი შედეგები წარმოიშვება, თუ დეპუტატი არასაპატიოდ აცდენს მას. ანუ, თუ პარლამენტის წევრი რიგგარეშე სხდომაზე არ მივა, ამ შემთხვევაშიც ეს იქნება საპარლამენტო ვალდებულების დარღვევა კონკრეტული დეპუტატის მხრიდან და გატარდება ის ღონისძიებები, რაც ტარდება ხოლმე როცა პარლამენტარები ჩვეულებრივ, არასაპატიოდ აცდენენ სხდომებს - განსაკუთრებული არაფერი მოხდება. სხვა თემაა პოლიტიკური კონტექსტი: თუ დემარშის სახით არ მივიდა დეპუტატი სხდომაზე, ეს უკვე პოლიტიკური შეფასების საკითხი იქნება ამომრჩევლის მხრიდან", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.