ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე ფინანსურ პოლიციაში 15:00 საათზეა დაბარებული.
ამის შესახებ კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს მისი დაკითხვა, ის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
"4-დღიანი ყოყმანის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გადაწყვიტა 10 მარტს, 15:00 საათზე ჩემი დაკითხვაზე დაბარება. მაშინ, როდესაც ამერიკაში ყოფნის დროს, დღეში რამდენიმე უწყება მიჰქონდათ ჩემს საცხოვრებელ მისამართზე. როგორც არ უნდა დასრულდეს დაკითხვის პროცესი, გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. 21 მარტს, ერთად დავიწყოთ უუნარო ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი",- წერს კირკიტაძე.
ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულ-გუბერნატორს საგამოძიებო სამსახური სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
გამოძიებიებამ დაადგინა, რომ 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეცტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს „ავტოჰაუს-რუსთავი 2011“-ისა და შპს „ტიტანი 2011“-ის მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.
დავით კირკიტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ბრალს არ აღიარებს.