საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ირანის საელჩოს მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება.
როგორც სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად, უწყება აცხადებს, რომ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ თან ახლავს მთელი რიგი, მათ შორის მასშტაბური რეფორმების გატარების აუცილებლობა.
"ამ რეფორმების რიცხვშია საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებაც იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ. ამ და სხვა საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ და წარმატებით დაიხურა წინა წლის ოქტომბერში.
ამ რეფორმის ეფექტიან იმპლემენტაციას კოორდინაციას უწევს მიგრაციის სამთავრობო კომისია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელშიც აქტიურ როლს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროები ასრულებენ. მიღწეული წარმატებაც კოლექტიური ძალისხმევის შედეგია.
გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც სრულიად ახალი წესების შემოღებას გულისხმობდა, ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის, ისევე, როგორც ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის პრაქტიკული უხერხულობები წარმოშვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები. თითოეული ამ სირთულის გადასაჭრელად იუსტიციის მინისტრი პირადად მუშაობს თავის სხვა კოლეგასთან ერთად და ეს მუშაობა გაგრძელდება ყოველი ინდივიდუალური საკითხის მოგვარებამდე.
იმავე საჯარო გამოსვლაში იუსტიციის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ახლა უკვე არსებობს წესები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა, ვინაიდან საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოს არ ჰქონდა.
ამ წესების და უკვე შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში კი გაიხსნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველომ ნელ-ნელა იფიქროს მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებაზე ფოკუსირებულად, რათა წაახალისოს ინვესტორები და არა მხოლოდ, მათ შორის ირანიდან, სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული.
სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრის გამოსვლას, რომელიც საქმეზე და გამოსავლის პერსპექტივის ჩვენებაზე იყო ორიენტირებული, ამგვარი შეფასებები მოჰყვა ირანის საელჩოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ერთი მხრივ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებისათვის და მეორე მხრივ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან - ირანის სახელმწიფოსთან ირანელი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების თუ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას "არამეგობრული" უწოდა.
"ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქ–ნ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ–ერთო პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა, და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.
2 – ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.
თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.
"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი? ვერ არის მაგალითად ბედნიერი ტურიზმის სააგენტო..... 2014 წლის 1 სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", -განაცხადა წულუკიანმა.