პარლამენტი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს.
"პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს პირველი მოსმენით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა წარუდგინა.
დაგეგმილი ცვლილებებით, სასჯელაღსრულების არსებული დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - პენიტენციური დეპარტამენტი ყალიბდება.
როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას ითქვა, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროში ცალკე სამინისტროა, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აკონტროლებს. კახა კახიშვილის თქმით, არსებული სისტემით "რომელი სამინისტროა და რომელი დეპარტამენტი, ვერ გაარკვევ".
გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, სამინისტრო ორ მიმართულებად - სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად იყოფა. სამოქალაქო სამსახურში ე.წ. დამხმარე ფუნქციების მქონე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდება. აღნიშნული ქვედანაყოფები საჯარო მოსამსახურეებით დაკომპლექტდება, რომელთაც არ ექნებათ სპეციალური წოდებები და სპეციალური მომზადების კურსების გავლა არ მოეთხოვებათ.
პროექტის მიხედვით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პენიტენციური დაწესებულებები და სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები გაერთიანდება, რომელთა საქმიანობაც არის სასჯელის უშუალო აღსრულება და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ძირითადი ფუნქციები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები არიან სპეციალური სტატუსის მქონე (პოლიციელთან გათანაბრებული), წოდების მქონე, სპეციალურად მომზადებული პირები. პენიტენციურ დეპარტამენტს მინისტრის მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.
ამასთან, უქმდება სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია. ეს ფუნქცია მხოლოდ ადგილობრივ საბჭოებს დარჩება, რომელთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს.
წარმოდგენილი ცვლილებებით 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა, ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.