მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინიდან პასუხი მიღებული არ არის, თუმცა პროკურატურა ელოდება, რომ პასუხად უარს მიიღებს , - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე სემინარზე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მედიის წარმომადგენლების შეკითხვზე, რა მოლოდინი აქვს პროკურატურას სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირების იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეა, ხოლო შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
"მათი იმედი საქართველოს წლების წინ ჰქონდა, ვნახეთ როგორც გაამართლეს იმედები და იმაზე პასუხი, ახლა რა იმედი უნდა გვქონდეს ამ ხალხისგან, ზედმეტია. ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვინც ძებნილია და სავარაუდო დანაშაული აქვს ჩადენილი, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ მიმართულებით მუშაობას, არა მხოლოდ უკრაინასთან და არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ეს პროცედურა ერთ დღეში არ მთავრდება, მომზადებული გვაქვს საშინაო დავალებები და ვმუშაობათ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინისგან პროკურატურას სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარი არ მიუღია, მთავარი პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოფიციალური პასუხი ჯერ არ არსებობს.