ბრიუსელში სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე წარმოადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადილემ, ელჩმა ალექსანდრე ვერშბოუმ გახსნა. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ნატო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის, გაერო-ს წარმომადგენლები და კომუნიკაციის ექსპერტები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე სტრატეგიულ კომუნიკაციასთან, კრიზისების მართვასთან, ეფექტურ კოორდინაციასა და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ხვალ, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნების საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციების, არსებული შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამომავლო თანამშრომლობის თემებს განიხილავენ.