2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 23.3%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 146.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 23.0 მლნ აშშ დოლარით (44.6 მლნ ლარით), ანუ 23.3%-ით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 87.0% იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 89.6% მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (25.9 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (12.2 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.5 მლნ აშშ დოლარი), აშშ (6.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (4.8 მლნ აშშ დოლარი).
სებ-ის ცნობით, 2015 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (24.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.0 მლნ აშშ დოლარისა (21.2 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.