ვინ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს არის მოსახლეობის გადასაწყვეტი და არა ივანიშვილის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მათი მისამართით გაკეთებულ შეფასებებზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება დესტაბილიზაციის საფრთხეს თავად ქმნის და ამას თუნდაც ეკონომიკური ვითარების გაუარესებითაც უწყობს ხელს.
"რაც შეეხება არეულობას, უკვე ორ წელზე მეტია გვესმის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს დესტაბილიზაციას და არეულობას. არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი კონკრეტული ფაქტი და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ რაიმე მსგავსი განზრახვა გვაქვს. მოვისმინეთ არა ერთი უაზრო განცხადებები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ამჟამინდელი პრემიერისგან საბურავებთან, უკრაინელ ინსტრუქტორებთან დაკაშირებით. არც ერთი ეს ფაქტი არ დადასტურებულა. ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. პირიქით, ხელისუფლება, რომელმაც ციხიდან გამოუშვა კრიმინალები და მათთან ერთად მართავს ქვეყანას, უსაფრთხოების სტრუქტურები რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით გაავსო - ეს ხელისუფლება ოპოზიციისკენ არ უნდა იშვერდეს ხელს და ამბობდეს, რომ ოპოზიცია გეგმავს დესტაბილიზაციას. პირიქით, ისინი ყველანაირ პირობას ქმნიან ქვეყანაში, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების შექმენითაც, იმისთვის რომ სიტუაცია გაუარესდეს და მოხდეს დესტაბილიზაცია, მაგრამ ამას არ დაუშვებს საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვთ.
"საქართველოს მოსახლეობა მინდა დავამშვიდო - მათ საამისო რესურსი არ გააჩნიათ. არეულობის მოწყობის მცდელობა და სურვილი რომ აქვთ, ეჭვი არავის ეპარება. მათი პროპაგანდის ორწლიან ანალიზსაც გავაკეთებთ და გაჩვენებთ, რომ იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები როგორ ცდილობენ საზოგადოებისთვის სწორედ ცრუ ინფორმაციის მასირებულად მიწოდებას - თითქოს ეკონომიკა ინგრევა, იზრდება კრიმინალი და ა.შ. ეტაპებად დაყოფილს გაჩვენებთ, როგორ მუშაობდა აგიტაციის მანქანა, რომლის მიზანი ერთია - როგორმე საქართველოში ეკონომიკა დაინგრეს. ღმერთმა ნუ ქნას არეულობა, ეს ვერც მოხდება, თუმცა, არეულობის შემთხვევაშიც "ნაციონალებს" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არა აქვთ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ, სააკაშვილს მეორედ თავზე არ დაისვამენ - ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. არეულობის მოწყობასაც ვერ მოახერხებენ, რადგან აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება გვყავს, "ნაციონალებს" არა აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი. თუმცა, ვიმეორებ, სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს, მაგრამ ვერ მიაღწევენ, საზოგადოება ტყუილად ნუ შფოთავს. ახლა უკრაინაში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, ვისურვოთ, რომ იქ მოვლენები პოზიტიურად განვითარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.