საქართველოში უკრაინის ელჩის, ვასილ ციბენკოს განცხადებით, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და უფლება აქვს, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრაზე ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, საუბარი შეეხო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უშტატო მრჩევლად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.
ელჩის თქმით, შეხვედრა, როგორც ყოველთვის, კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩატარდა და ყველა საკითხი მშვიდ, საქმიან, კონსტრუქციულ ვითარებაში განიხილეს.
"იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდეელი სახელმწიფო და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ. ბოლოსდაბოლოს, ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. მეორეა ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნით უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდა. მან გაითვალისწინა საქართველოს ექსპრეზიდენტის დიდი გამოცდილება, საქართველოს რეფორმირების კუთხით, არმიის მოდერნიზაციის კუთხით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული და ეს არ არის დაბრკოლება მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა ციენკომ.
ამასთან, უკრაინის ელჩის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება და მასზე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ვრცელდება.
"ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში. ესწრება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების ღონისძიებებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება ქართული მხარის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, უკრიანული მხარე ამას ყურადღებით სწავლობს. ამავდროულად, დღესვე შემიძლია გადარწმუნოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი განწყობილია კონსტრუქციულ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობასთან და პრეზიდენტთან", - განაცხადა ელჩმა.