ბიძინა ივანიშვილმა ისევ მრავალი სისულელე თქვა, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.
ბოკერიას შეფასებით, არეულობისკენ, ინსტიტუტების მოშლისკენ, კრიმინალის ზრდისკენ და ეკონომიკის ჩამოშლისკენ საქმე ივანიშვილს და მის გუნდს მიჰყავს.
"ივანიშვილმა, წინა გამოსვლაში ლართან დაკავშირებით, შეურაცხყოფის საკუთარი რეკორდები მოხსნა, როდესაც ხალხს დააბრალა ეკონომიკური პრობლემები და არა საკუთარ გუნდს. ახლა თითქოს შეეცადა, რომ რაღაცნაირად ეს შეეკოწიწებინა, მაგრამ ისევ მრავალი სისულელე თქვა. ერთადერთი, რაც მან აღიარა, ვიზებზე შეცდომა მოგვივიდაო. ამ საკითხზე ჩვენ მათ თვეების წინ ვაფრთხილებდით. ახლაც ვეუბნებით, რომ საზოგადოებას ჩვენი გეგმა წარვუგდინეთ, რომლის ნაწილია სავიზო რეჟიმის აღდგენა, მათ შორის ევროკავშირის და შტატების მოქალაქეებთან და ასევე ამ გეგმის ნაწილია უსწრაფესად გადასახადების დაწევა. საშემოსავლოსი, რომელიც ხალხს ტვირთს შეუმსუბუქებს, დღგ-სი, რომელიც მეწარმეებს შეუმსუბუქებს ტვირთს და აქციზის, რომელიც მთლიანად ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად. ამის გარეშე, ჩვენ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად მივექანებით უფსკრულისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.