თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე ჩვენი ფრაქცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს და ყველაფერსაც, ოღონდ ჯერ უნდა ვნახოთ, პროკურატურა რას იზამს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გაკვირვებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ "თავისუფალი დემოკრატები" აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ითხოვენ.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი არ უნდა დაუმტკიცოს პროკურატურას დაკავებულთა უდანაშაულობა, არამედ პროკურატურამ უნდა დაუმტკიცოს მათ მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა.
"ჩვენ კი არ უნდა დავუმტკიცოთ პროკურატურას რაიმე, არამედ პროკურატურამ უნდა დაგვიმტკიცოს ჩვენ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სამართლიანად სხედან ციხეში, მაგრამ ის ვერ ახერხებს ამის დამტკიცებას. პროკურატურა არის ჩიხში და ამიტომაც მეორედ ითხოვს სასამართლო პროცესის გადადებას. 1-ელ აპრილს არის დანიშნული სასამართლო სხდომა ანუ 5 თვე იქნება გასული, რაც ეს ხალხი უკანონოდ არის ციხეში. პროკურატურაზეა ბრალის დამტკიცება და არა ჩვენზე, მაგრამ ის არის უუნარო და უკანონოდ ამყოფებს ადამიანებს ციხეში. სწორედ მათ უნდა მოეთხოვოს პასუხი და არა ვინმე სხვას. რაც შეეხება იმას, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას თუ არ უნდა შეიქმნას, ჯერ ვნახოთ პროკურატურა რას იზამს და შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს ჩვენი ფრაქცია და სხვა ყველაფერსაც", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, რატომ არ ითხოვენ ალასანიას გუნდის წევრები ე.წ. კაბელების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას. ამის შესახებ ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა? ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ. იგივე "რესპუბლიკელები", რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.