რომელ "ნაციონალებთან" თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც "თავისუფალ დემოკრატებს" არაფერი დაგვიკლია, "ქართული ოცნება" წარმატებული რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანიასა და "თავისუფალ დემოკრატებთან" მიმართებაში ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
"თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პოლიტიკურად გისწორდებიან, შენ ხმა არ უნდა ამოიღო? ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იმ ძალიან ბიძნურ ბრალდებებზე, იმ ტალახის სროლაზე, რომელიც ხდება სისტემატურად, რომელიც ხდება არა მხოლოდ მათი პირიდან ვინც ტელევიზორში გამოდის, არამედ შეკვეთილი სტატიებით. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ნანახი გვაქვს. სწორედ ამას ვებრძოდით და სამწუხაროა, რომ ისევ ამასთან გვიწევს ახლაც ბრძოლა. რომელ "ნაციონალებთან" თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ არ დაგვიკლია არაფერი, რომ წარმატებული ყოფილიყო "ქართული ოცნება" 2012 წლის არჩევნებში, რათა მას გაემართლებინა ის იმედი, რაც მოსახლეობას ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და მათი გამონათქვამები "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას ემსგავსება.