ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ჩინეთის გამოჩენა ქართულ რკინიგზაზე და აბრეშუმის გზის გახსნა რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც საყვარელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შორეული ქვეყნიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზა, თანამედროვე გაგებით აბრეშუმის გზაა და ამ ნაბიჯს აქვს მნიშვნელოვანი კონტექსტი.
"აბრეშუმის გზის გაკეთებით, ჩინეთი ხდება რუსეთის კონკურენტი, რუსეთს აქვს ევრაზიული იმპერიის შექმნის იდეა და ევრაზიული სივრცის დომინანტობაზე პრეტენზიისთვის იბრძვის. დომინანტის სტატუსისთვის იბრძვიან ასევე თურქეთი და აღმოჩნდა, რომ იბრძვის ჩინეთი, რომელმაც აბრეშუმის გზის გაკეთების იდეა წამოაყენა და სანამ წინადადებას დაასრულებდა, გააკეთა კიდეც. ამ საკომუნიკაციო მაგისტრალით მატერიალური საფუძველი უჩნდება იმას, რომ ჩინეთი გახდეს დომინანტი ევრაზიულ სივრცეში და ეს გააძლიერებს დაპირისპირებას რუსეთთან. აბრეშუმის გზის საქართველოზე გასვლა ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის გარდა საქართველოს ჩინეთიც დაიცავს რუსეთთან დაპირისპირებაში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რაც შეეხება ჩინეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ ალიანსს, მისი თქმით, ეს დროებითია და მიმართულია დასავლეთის წინააღმდეგ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს თუ ვინმესი ეშინია, სწორედ ჩინეთის ეშინია, რომელსაც ციმბირის ნახევარი უკვე წაღებული აქვს და რუსეთს ევრაზიის ეკონომიკურ სივრცეშიც უპირისპირდება.
"ჩინეთი არის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ატომური სახელმწიფო, უზარმაზარი სამხედრო პოტენციალის მქონე, დღეს ძნელია იმის თქმა, რა მიმართულებით განვითარდება იგი, რა ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ აბრეშუმის გზის მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაზსადენი, ვინაიდან ეს ნაბიჯი რუსეთის გავლენის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ იდეის სათანადო პოპულარიზაცია და საზოგადოებამდე მიტანა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ზოგადად ვერ ახერხებს იდეების პოპულარიზაციას, ვინაიდან ამას გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება.
"დღეს ამ გამოცდილებას ნელ-ნელა აგროვებს საქართველოს ხელისუფლება. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ივანიშვილმა დაინახა საზოგადოებასთან პოლიტიკური ურთიერთობების აუცილებლობა და ამ მიზნით საკუთარ გადაცემას აკეთებს, რაც მისასალმებელია. რომ არ დაეხურა მე-9 არხი, უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ სანამ აბრეშუმის გზის გაყვანა ბოლომდე დასრულდება, საქართველოს ხელისუფლება ისწავლის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იდეების პოპულარიზება მოახდინოს.
10 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა.