საპარლამენტო უმცირესობა იმ კანონების გასაჩივრებას აპირებს, რომლებიც საკომიტეტო დონეზე, პირველი-მეორე მოსმენით თბილისში განიხილეს

საპარლამენტო უმცირესობა იმ კანონების გასაჩივრებას აპირებს, რომლებიც საკომიტეტო დონეზე, პირველი-მეორე მოსმენით თბილისში განიხილეს

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ კანონების გასაჩივრებას აპირებს, რომელთა საკომიტეტო დონეზე, პირველი-მეორე მოსმენით განხილვა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში განხორციელდა.

"ნაციონალარი მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ნებადართულია ის, რაც კანონით არის დადგენილი. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არც ერთი კანონითა და ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის საპარლამენტო კომიტეტების თბილისში გამართვის შესაძლებლობა.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, თბილისში გამართულ კომიტეტებში განხილულ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება არის ირიბი გზა, რომ მთავარ კონსტიტუციურ პრობლემაზე დაიწყოს მსჯელობა.

"შექმნილია ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად დადგენილია ქალაქი ქუთაისი და პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობა, კონსტიტუციის უხეში დარღვევით, საპარლამენტო საქმიანობას ნაწილობრივ-საკომიტეტო სხდომებისა და სხვა შეხვედრების დონეზე თბილისის შენობაში ახორციელებს. ეს ფაქტობრივი მდგომარეობა აბსოლუტურად შეუსაბამოა კონსტიტუციასთან. კონსტიტუციის წინა რედაქცია ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ პარლამენტს ემუშავა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, მაგრამ შემდგომ კანონმდებელმა კონსტიტუციის დონეზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის შენობაში პარლამენტის რაიმე ფორმით საქმიანობა გამორიცხა. ზოგადად, საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომ ნებადართულია ის, რაც კანონით არის განსაზღვრული. კანონით, ნორმატიული აქტით უნდა იყოს დადგენილი ის, რომ პარლამენტს კომიტეტის სხდომების თბილისის შენობაში გამართვის შესაძლებლობა აქვს. ასეთი ნორმატიული აქტი არ არსებობს, ამიტომ ვაპირებთ და იხილება საკითხი იმის შესახებ, რომ მომზადდეს საკონსტიტუციო სარჩელი და გასაჩივრდეს კანონი, რომლის პირველი და მეორე მოსმენით განხილვა კომიტეტების დონეზე, თბილისში მოხდა. ეს არის ირიბი წესით გასაჩივრება და ირიბი წესით მსჯელობა ამ პრობლემატურ კონსტიტუციო საკითხზე", -განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბეჟაშვილმა.