საშიშია იმ შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც მინსკის მოლაპარაკებათა მონაწილეებს მიეცათ

საშიშია იმ შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც მინსკის მოლაპარაკებათა მონაწილეებს მიეცათ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საშიშად მიიჩნევს იმ შანსის ხელიდან გაშვებას, რომელიც, მისი თქმით, მინსკის მოლაპარაკებათა მონაწილეებს მიეცათ. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" იუწყება.

"თუკი ჩვენ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ, ასეთ შემთხვევაში დიდი ხნით დავკარგავთ მოლაპარაკებების გზით აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციის შესაძლებლობას", - აღნიშნა შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ყველა მხარე, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მხარეები აცნობიერებენ, რომ ასეთი თავდადება, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ მინსკში 17 საათიან მოლაპარაკებებზე, არც თუ ადვილი გასამეორებელია. "თითოეულმა უნდა იცოდეს, რომ შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, კონფლიქტში მოქმედ ყველა მხარეს რეგიონში - უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობენ, დიდი ფასის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ის მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს კიევში, მოსკოვში და განსაკუთრებით "ბოევიკების" ლიდერებს, იხელმძღვანელონ ჯანსაღი აზრებით და იზრუნონ იმაზე, რომ კონფლიქტი ესკალაციის მომდევნო სტადიაში არ გადაიზარდოს, ან არ გაფართოვდეს რეგიონული თვალსაზრისით.

გარდა ამისა, შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ გერმანია მზადაა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგისთვის ეუთოს ფარგლებში. "თუკი ზავს პატივს სცემენ, ჩვენ პასუხისმგებლობასაც ავიღებთ", - განაცხადა შტაინმაიერმა.