საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემას მხარს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უჭერს.
ამის შესახებ სააკაშვილმა CNN-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს მშვიდობას უჭერს.
"პრეზიდენტი პოროშენკო მშვიდობას უჭერს მხარს, პუტინი კი, უკრაინაში რეფორმების და დემოკრატიის წინააღმდეგია. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაყოვნოს ცეცხლის შეწყვეტა, ეს კი იმისთვის ხდება, რომ მეტ ტერიტორიაზე მოიპოვოს კონტროლი. ჩვენ რეალურად ვუდგებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისთვის. აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ეშრტონ კარტერი, ასევე ჰილარი კლინტონი და სენატორი ჯონ მაკკეინი მხარს უჭერენ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე კონსესუსი მიიღწევა",-განაცხადა სააკაშვილმა
შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყონ. აღნიშნული პროცესი ორ კვირაში უნდა დასრულდეს, მას მონიტორინგს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გაუწევს.
თუმცა მინსკის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთი კვლავ ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს. კიევის ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი ღამის განმავლობაში კვლავ გახსნეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ და პეტრო პოროშენკოს მრჩეველად 13 თებერვალს დაინიშნა.