ქართული

ქართული "მაკდონალდსი“ ქვეყანაში ბიუროკრატიული პროცედურების გაუარესებას უჩივის

"მაკდონალდსი საქართველოს" დირექტორი მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე საუბრობს. თენგიზ კაპანაძე გაზეთ "ფაინენშალთან"  აცხადებს, რომ მიმდინარე წლის იანვარში გაყიდვები 22%–ით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება სახეზეა, რადგან ისინი შედარებით იაფი პროდუქტების შესყიდვაზე გადავიდნენ. 

კაპანაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სუსტი ეკონომიკური მდგომარეობაა, შეინიშნება გაუარესებული ბიუროკრატიული პროცედურები ,რაც აფერხებს ბიზნესის განვითარებას." მაკდონალდსი საქართველოს" დირექტორი ამბობს, რომ დღეს საქართველოში "მაკდონალდს"–ის 6 რესტორანია, მეშვიდე ზუგდიდში ზაფხულში უნდა გაიხსნას, კიდევ ერთი ახალი რესტორნის გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იგეგმება თუმცა მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან 6 თვეა გრძელდება და შედეგი ამ დრომდე ცნობილი არაა. 

თენგიზ კაპანაძის განცხადებით, 2013-2015 წლებში საქართველოში საბვეი, ვენდისი და ქეიეფსი შემოვიდნენ და კონკურენციის ზრდა საკმაოდ რთული იყო მაკდონალდსისთვის. ამასთან, მისი მტკიცებით კომპანია უფრო გააქტიურდა. მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირებას კომპანია დაბალ ფასებს უპირისპირებს.. "მაკდონალდსი საქართველო" სათაო ოფისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისათვის, რომ პროდუქტების ნაწილის, პურის, ხორცის, კარტოფილის და სალათების წარმოება ადგილობრივ ბაზარზე მოახდინოს. ამ მიზნით, "მაკდონალდს საქართველო"  22-35 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.