ჯოკია ბოდოკია ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი

ჯოკია ბოდოკია ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას მიყურადება დანაშაულის ჩადენამდე, უფრო მეტიც, ქრთამის შეთავაზებამდე დაიწყო, - ამის შესახებ ბოდოკიას წინააღმდეგ საქმის პროკურორმა, მალხაზ გეწაძემ ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 

როგორც მან აღნიშნა, საქმეში არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩაწერილია შპს "დარიოუშის" წარმომადგენელთან, ნათია მახარაშვილთან საუბრები. პროკურორის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს. 

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი ბოდოკიასთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად ბრალდებულის მხრიდან თავისუფლების შემთხვევაში ხელახალი დანაშაულის, მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები დაასახელა. ერთ-ერთ გარემოებად კი ჯოკია ბოდოკიას გაქარწყლებული ნასამართლეობა დაასახელა. 

როგორც პროცესზე გახდა ცნობილი, ჯოკია ბოდოკია 2010 წელს ნასამართლევი იყო ნარკოდანაშაულისთვის, რომლისთვისაც ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და მოგვიანებით ნასამართლეობა გაუქარწყლდა.