„პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ არის, მაგრამ მორალურ საქციელზე ზოგიერთებს პასუხი მოეკითხებათ“

„პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ არის, მაგრამ მორალურ საქციელზე ზოგიერთებს პასუხი მოეკითხებათ“

პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მსჯელობენ.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  დავით საგანელიძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დაწყების წინ განაცხადა. საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

„ქუცნაშვილს იმდენად უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, რომ ხშირ შემთხვევაში თავის თავს აძლევს იმის უფლებას, რომ თქვას იმდენი სიცრუე და  სისულელე, რომ შემდეგ ჩავარდეს უხერხულ სიტუაციაში. გარიცხვაზე საუბარი არ არის, თუმცა, მორალურ საქციელზე ზოგს მოეკითხება პასუხები“,-განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუცნაშვილის კანდიდატურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.

ზაქარია ქუცნაშვილი და უმრავლესობის 16-მდე წევრი აცხადებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის კრიტერიუმებთან  დაკავშირებით დავით საგანელიძის მიერ  პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებს ისინი არ ეთახმებიან. მათი თქმით, საგანელიძის მიერ გაჟღერებული კრიტერიუმები საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი 23 თებერვლამდე დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

ამ დროისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავმჯდომარეობის 28 კანდიდატია რეგისტრირებული.

საპარლამენტო უმრავლესობაში სულ 87 წევრია.