"თუ მინსკის შეთანხმებამ ერთი კვირა გაძლო, მაშინ ღორები ფრენას დაიწყებენ"

ამერიკელი კონგრესმენები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემმი მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" ფორმატში მიღწეულ შეთანხმებებს სკეპტიკურად უყურებენ.

მაკკეინი დოკუმენტს შეუსრულებელს, გრემმი კი უკრაინის დამშლელს უწოდებს

"ეს შეთანხმება შეუსრულებლად მეჩვენება. მე ვპროგნოზირებ, რომ ის ერთი კვირაც ვერ გაძლებს. თუ ეს მოხდა, მაშინ ღორები ფრენას დაიწყებენ", - განაცხადა მაკკეინმა.

ლინდსი გრემმის აზრით კი, მინსკის შეთანხმების შედეგი უკრაინის ძალადობრივი დანაწევრებაა. მისი აზრით, მინსკის მოლაპარაკებებში საფრანგეთისა და გერმანიის მონაწილეობა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას ეფუძნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს მინსკში რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და ბელორუსის ლიდერების მოლაპარაკება გაიმართა, რომელიც 16 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, 15 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს.