საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა.
„ბატონი ლამბერტის ვიზიტი გერმანიის მკაფიო და მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. გერმანიის ბუნდესტაგი კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის მიმართულებით გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე. გერმანიის მხრიდან არის მზაობა, გააქტიუროს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ყველა ინსტრუმენტი", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
მინისტრმა გერმანელ პარლამენტარებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ, გააცნო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, აგრეთვე ქართული მხარის ხედვა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან მიმართებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისა და, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს უსაფრთხოება და სტაბილურობა კვლავინდებურად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
ნორბერტ ლამერტმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგი, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, დაასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. ამის გარდა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გერმანიის პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს.
ბუნდესტაგის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები საქართველოში სწორი დინამიკით ხორციელდება და პროცესი არ უნდა შენელდეს.
თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ლამერტს გერმანიის, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.
ცნობისათვის, ბუნდესტაგის დელეგაცია, ნორბერტ ლამერტის ხელმძღვანელობით, 12-დან 15 თებერვლამდე სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.