ზურაბ ჟვანიას მეგობრები საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებენ

ზურაბ ჟვანიას მეგობრები საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებენ

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეგობრები, პარტიის წევრები და დაცვის თანამშრომლები მიმართვას ავრცელებენ.

ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა, პარტიის წევრებმა და დაცვის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას მიმართეს. მიმართვის ტექსტი კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ წაიკითხა.ბრიფინგს  20-მდე პირი ესწრებოდა. მათ მიმართვის ტექსტს ხელი მოაწერეს.

ტექსტში აღნიშნულია, რომ დეგრადირებული და ზნეობისაგან სრულად დაცლილი მარგინალების ერთი ჯგუფი განუწყვეტლივ წამლავს, ცილს სწამებს და სიცრუეში ამყოფებს საზოგადოებას. ტექსტის ავტორები მიმართავენ მედიას, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნუ ახდენენ სიცრუისა და სიბინძურის საჯარო ტირაჟირებას. მიმართვის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის სამი თებერვლის ღამეს მომხდარ მკვლელობას და ამით საზოგადოებაში ბინძური ინსინუაციების ტირაჟირებას წერტილს დაუსვამს.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაციები, ზეწოლის მცდელობა გარდაცვლილის ოჯახზე და გამოძიებაზე, ყალბი თუ რეალური საგამოძიებო მასალების ფრიალი, მიცვალებულის შეურაცხყოფა და კომპრომეტირება, ოჯახზე და შვილებზე მორალური ზეწოლა. რაც შეეხება მარგინალებს, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, არც ერთი თქვენი ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხო და დაუსჯელი არ დარჩება", - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

მიმართვის ტექსტს ხელი მოაწერეს კახა ჩიტაიამ, ზურაბ ცქიტიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა, დათო ოქიტაშვილმა, ბეჟან გუნავამ, ნინო ჩხობაძემ, ხათუნა ხოფერიამ, შალვა ოგბაიძემ და ჟვანიას დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა კახა გოჩაშვილმა.

შალვა ოგბაიძემ განაცხადა, რომ მომსწრენი არიან, თუ როგორ შემოდეს თავისუფლების მეტროსთან სახურავზე 26 მაისის ღამეს ორი გარდაცვლილის გვამი, ამდენად, ოგბაიძის თქმით, ასეთი ფაქტების ინსინუაციებს სწორედ წინა ხელისუფლება მიმართავდა. კახა ჩიტაიას განცხადებით, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამდენად, მათ აინტრესებთ როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი.

ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, რომ გარკვეული პირები ცდილობენ FBI-ს მიერ დადებული დოკუმენტი გამოიყენონ და FBI ამ პროცესში ჩართონ, როგორც მხარე. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებამ FBI-სთან დაკავშირებით ამ პროცესს წერტილი დაუსვა.

ბრიფინგში მონაწილეების თქმით, პროკურატურას ნდობას უცხადებენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოთმინებით დაელოდებიან.