უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინსკში გამართულ მოლაპარაკებებს ძალიან რთული უწოდა და აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების შესრულების პროცესი არც თუ ისე მარტივი იქნება.
ამის შესახებ პოროშენკომ ბრიუსელში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა.
„ეს იყო ძალიან რთული მოლაპარაკებები, ველოდებით განხორციელების რთულ პროცესს“, აღნიშნა პოროშენკომ.
ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართული „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ პოროშენკო პირდაპირ ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისიის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
ბელორუსიის დედაქალაქში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 16 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიღწეული შეთახმების თანახმად, უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა შეწყდეს, 19 დღის განმავლობაში ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს, 2015 წლის ბოლომდე კი უკრაინელმა მესაზღვრეებმა საზღვრებზე კონტროლი უნდა აღადგინონ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებაში არანაირ ავტონომიასა და ფედერალიზაციაზე საუბარი არ არის.