უმრავლესობის 16 დეპუტატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებს აპროტესტებს

უმრავლესობის 16 დეპუტატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებს აპროტესტებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს უმრავლესობის ერთი ნაწილი საგანგებო მიმართვით და ხელმოწერებით ეხმაურება. უმრავლესობის 16 დეპუტატი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. 
"ინტერპრესნიუსი" უმრავლესობის წევრების მიმართვას უცვლელად გთვაზობთ: 

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ვირჩევთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ამიტომ ჩვენ კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას ვალდებული ვართ ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ძირითადი კანონით დადგენილი წესებით. მოქალაქეობრივი კუთვნილების, ასაკობრივი, საგანმანათლებლო და სპეციალობით (პროფესიით) მუშაობის კონსტიტუციით დაწესებული ცენზების დაცვით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთხი დამატებითი კრიტერიუმიდან ერთი – "კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან", გაგებული იქნა, როგორც პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირების, ადგილობრივ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მომუშავე ადამიანების მდგომარეობის ამსახეველად და აქედან გამომდინარე, დამაბრკოლებელ გარემოებად კანდიდატურების შერჩევისას. 

მიგვაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციური კრიტერიუმია. ეწინააღმდეგება, როგორც კონსტიტუციას, ასევე ლოგიკასაც. კანონი არ უკრძალავს არც პარტიის წევრს, არც ადგილობრივ ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ თუ დანიშნულ მოხელეს ან კიდევ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს შეცვალოს თავისი საქმიანობის სფერო. 
ვერავინ ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ თუნდაც ე.წ. "არაპოლიტიკური" სფეროდან შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. დისკრიმინაციული სეგრეგაცია მიუღებელია. ყველა ჩვენგანი დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. ჩვენს მიერ მიცემული ხმა იქნება ახალი 10-წლიანი სასამართლო ისტორიის დასაწყისი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლებრივი სახელმწიფო. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომლებიც სწორედ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, უზომოდ პრინციპული საკითხია", - ნათქვამია განცხადებაში. 

მიმართვას ხელს აწერენ უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, დავით ლორთქიფანიძე, ელისო ჩაფიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ვალერი გელაშვილი, ზვიად ზვიადაური, თენგიზ ხუბულური, თეიმურაზ ჩხაიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშალეიშვილი, დარეჯან ჩხეტიანი, გოგი ქავთარაძე. ამასთან, არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება, რომელთა ხელმოწერაც მათი თბილისში არყოფნის გამო ვერ ფიქსირდება.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის  მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობაში კანდიდატურის გარშემო კონსესუსის არარსებობის პირობებში კი, გამორიცხული არ არის, მმართველმა გუნდმა პარლამენტში სათანადო ხმების მოგროვება და უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საერთოდ ვერ შესძლოს.