ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

"ჩვენი მთავრობა მართლაც გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. გუშინ იყო ფაქტი - თბილისის მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება კანონის შესაბამისად. ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს ან აპირებს ამის გაკეთებას, მინდა დარწმუნებული იყოს, რომ დაისჯებიან ძალიან მკაცრად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მისმა მთავრობამ მიაღწია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა და ამ პოზოციის გაუარესების უფლება არავის უნდა მიეცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას მოუწოდა, კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიუროს.