კეთილი იყოს უკრაინის პრეზიდენტისთვის და მთავრობისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი მრჩევლის სტატუსში, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
დეპუტატის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ არამეგობრული აქტი იქნება.
"ბრალდებული სააკაშვილი თავს კანონზე მაღლა აყენებს – მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ გასცა პასუხი კითხვებს, რაც მის მიმართ არსებობს. მისი პასუხები მოგვცემდა იმის შეფასების საშუალებას, კითხვები სწორია თუ – არა. ღმერთის შემდეგ, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვათანასწორებს, ეს კანონია, რაც მიხეილ სააკაშვილმა წაშალა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა.