მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ძებნილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მრჩევლად შესაძლო დანიშვნა გაუმართლებელი და არაადექვატური ნაბიჯია.
როგორც „პირWელს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაშია ძებნილი და ბრალდებული, შეუძლებელია სხვა ქვეყანას დაეხმაროს, მითუმეტეს, იყოს პრეზიდენტის მრჩეველი.
კობახიძის თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, საკადრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებში საქართველო ვერ ჩაერევა.
„პირი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იძებნება და აქვს ძალიან მძიმე ბრალდება წაყენებული, არის პატიმრობაშეფარდებული დაუსწრებლად, თავს არიდებს სამართალდამცველ ორგანოებს საკუთარ ქვეყანაში და ფაქტობრივად არად აგდებს იმ ლეგიტიმურ კითხვებს, რომლებიც მის მიმართ აქვს მის ქვეყანას, ასეთი ადამიანის დანიშვნა მრჩევლად უკრაინაში, არამგონია, რომ ხელს უწყობდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას განვითარებას და ნდობის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მანანა კობახიძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ საკუთარ მრჩევლად საქართველოს ექსპრეზიდენტი დაენიშნა, ნიშნავს იმას, რომ ის იგნორირებას უკეთებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„ეს არის იგნორირება ჩვენი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების იმიტომ, რომ მისი დაპატიმრების შესახებ არის გამოტანილი ბრძანება. ეს ბრძანება ძალაშია და არ გაუქმებულა, ის იურიდიულად არის დაპატიმრებულია უბრალოდ, ფაქტობრივად, ეს ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ ის თავს არიდებს მართლმსაჯულებას“,-აღნიშნა კობახიძემ
ამასთან, კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აღნიშნული ფაქტის გამო ჩაიშალოს, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები და საგარეო პოლიტიკური ამოცანები.
„ეს პრემიერის დღის წერიგია, პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს სად და როდის წავა. ჩემი აზრით, „ნაციონალებს“ და სააკაშვილს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები და მიზნები არ უნდა გადავაყოლოთ. არამგონია, რომ სააკაშვილის გამო ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში რამე უნდა შევცვალოთ“,-განაცხადა კობახიძემ
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე იყო.
უკრაინის მთავრობაში საქართველოს წინა ხელისუფლების რამდენიმე წევრია წარმოადგენილი, მათ შორის, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. ეკატერინე ზღულაძე კი, რომელიც საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უკრაინაშიც ამავე თანამდებობას იკავებს.