“მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის საქმეებზე სპეკულაციები რაც შეიძლება მალე დასრულდეს”

“მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის საქმეებზე სპეკულაციები რაც შეიძლება მალე დასრულდეს”

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა შეწყდეს.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მუდმივი დისკუსია დაზარალებულის ახლობლებს დიდი ზიანს აყენებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის საქმეებზე სპეკულაციები რაც შეიძლება მალე დასრულდეს. არის რთული საქმეები, როდესაც გამოძიებას სჭირდება წლები, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ დრო არის საჭირო რაიმეს გასარკვევად ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები სპეკულაცია, რაც შეიძლება ნაკლები დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ძალიან ბევრ ადამიანს და რომელიც ძალიან რთული გადასატანია ახლობლებისთვის. ზოგადად მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესები იყოს მეტად მართლმსაჯულების ჩარჩოებში და ნაკლებად ხდებოდეს მისი გატანა  გასარჩევად",- განაცხადა უსუფაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ”რუსთავის 2”-მა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს.

დასკვნის მიხედვით, ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი რაულ უსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს კონსპირაციულ ბინაში ოფიციალური ცნობით გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.