გამათბობელი, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად სახელდება, FBI-ის დასკვნის მიხედვით, საერთოდ არ ჩაურთავთ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, როგორც აღნიშნული, ისე ქართველი ექსპერტების დასკვნაში წერია, რომ არავითარ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან გამათბობელზე ვერანაირი მურის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
"FBI-ის დასკვნის წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, ყოფილი ხელისუფლებისათვის არაფერი სახარბიელო ამ დასკვენში არ წერია. FBI-ის დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი ცალსახად მოწმობს, რომ არავითარ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. დასკვნის შეფასებით ნაწილში წერია, რომ მათ ვერაფერი ნახეს ისეთი, რაც უბედური შემთხვევის ვერსიას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტი, მისი ექსპერიმენტული ნაწილის გამო, ყოფილი ხელისუფლებისათვის საკმაოდ წამგებიანია და მოწმობს, რომ იქ არანაირ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, გამათბობელი, რომელზეც არის საუბარი, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა, როგორც ამ დასკვნის, ასევე ქართველი ექსპერტების დასკვნის თანახმად, საერთოდ არ ჩაურთავთ. FBI-ის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ მათ გამათბობელი ექსპერიმენტის დაწყებამდე დაათვალიერეს და ვერანაირი მურის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ანალოგიური დასკვნები ქართველ ექსპერტებსაც აქვთ გაკეთებული. ნებისმიერ გამათბობელს, მით უფრო, თუ ის ავარიულ რეჟიმში მუშაობს, მომატებული წნევის პირობებში შეუძლებელია ისე ემუშავა, რომ ოდნავ მაინც მურის კვალი არ დაეტოვებინა. როგორც ჩანს, გამათბობელი სრულიად ახალი იყო და არც ერთხელ არ იყო გამოყენებული. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერსიების შეთითხვნას ცდილობს და ძალიან ბევრი კითხვაა იმ ვერსიაზე, რომლის გავრცელებასაც და საზოგადოებისთვის თავსმოხვევასაც წინა ხელისუფლება ცდილობს. მათ იგრძნეს, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის და ცდილობენ იმ სიბინძურით გადაფარონ, რაზეც მეც მომიწია საუბარი", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.