წინა ხელისუფლებამ ისეთი ვერსია შეთითხნა, რომ ოჯახის წევრებს საქმეში ქექვის სურვილი არ გასჩენოდათ

წინა ხელისუფლებამ ისეთი ვერსია შეთითხნა, რომ ოჯახის წევრებს საქმეში ქექვის სურვილი არ გასჩენოდათ

ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებამ თავიდანვე ისეთი ვერსია შეთითხნა, რომ არავის და, პირველ რიგში ოჯახის წევრებს, საქმეში ქექვის სურვილი არ გასჩენოდათ, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმა, დეპუტატი გოგლა ჟვანია აცხადებს.

ჟვანიას თქმით, მისი ოპონენტები, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სახით, "უბინძურესი და უგარეწრესი ადამიანები არიან, რომლებიც გამოძიების დასრულებამდე შეეცდებიან ყველაფერი იკადრონ და საზოგადოება სიბინძურეში აცხოვრონ.

"FBI-ის დასკვნის წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, ყოფილი ხელისუფლებისათვის არაფერი სახარბიელო ამ დასკვენში არ წერია. FBI-ის დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი ცალსახად მოწმობს, რომ არავითარ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. დასკვნის შეფასებით ნაწილში წერია, რომ მათ ვერაფერი ნახეს ისეთი, რაც უბედური შემთხვევის ვერსიას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული დოკუმენტი, მისი ექსპერიმენტული ნაწილის გამო, ყოფილი ხელისუფლებისათვის საკმაოდ წამგებიანია და მოწმობს, რომ იქ არანაირ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, გამათბობელი, რომელზეც არის საუბარი, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა, როგორც ამ დასკვნის, ასევე ქართველი ექსპერტების დასკვნის თანახმად, საერთოდ არ ჩაურთავთ. FBI-ის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ მათ გამათბობელი ექსპერიმენტის დაწყებამდე დაათვალიერეს და ვერანაირი მურის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ანალოგიური დასკვნები ქართველ ექსპერტებსაც აქვთ გაკეთებული. ნებისმიერ გამათბობელს, მით უფრო, თუ ის ავარიულ რეჟიმში მუშაობს, მომატებული წნევის პირობებში შეუძლებელია ისე ემუშავა, რომ ოდნავ მაინც მურის კვალი არ დაეტოვებინა. როგორც ჩანს, გამათბობელი სრულიად ახალი იყო და არც ერთხელ არ იყო გამოყენებული. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერსიების შეთითხვნას ცდილობს და ძალიან ბევრი კითხვაა იმ ვერსიაზე, რომლის გავრცელებასაც და საზოგადოებისთვის თავსმოხვევასაც წინა ხელისუფლება ცდილობს. მათ იგრძნეს, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის და ცდილობენ იმ სიბინძურით გადაფარონ, რაზეც მეც მომიწია საუბარი. ეს თავიდანვე იყო გავრცელებული და შეთითხნილი იმ მიზნით, რომ არავის და პირველ რიგში ოჯახის წევრებს, საქმეში ქექვის სურვილი არ გასჩენოდათ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რა ღირებულებებისა და მორალის მქონე ხალხთან გვქონდა საქმე და რამდენად ყველაფერზე წამსვლელები არიან ისინი", - აცხადებს გოგლა ჟვანია.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების მასალებში არსებობს მტკიცებულებები, რაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვზე განხორციელებულ ძალადობას ადასტურებს.

"მქონდა მოლოდინი იმისა, რომ საქმე უფრო სწრაფად გაიხსნებოდა, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, საქმე "გაჯანჯლდა". საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია. ჩატარებულია მთელი რიგი ექპერტიზები და ერთ-ერთი მნიშველოვანი ექსპერტიზა ექსჰუმაცია იქნება, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ადამიანებზე ძალადობა განხორციელდა. თუნდაც ექსპერტიზით დადასტურებული ტუჩის გახეთქვის ფაქტი – ცდილობენ ეს იმით ახსნან, რომ ხელოვნური სუნთქვის შედეგად მოხდა. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – ტუჩი შესიებული იყო და ადგილი ჰქონდა სისხლჩაქცევას, რაც სიკვდილის შემდეგ არ ხდება. ტუჩი ზურაბ ჟვანიას სიცოცხლეშივე ჰქონდა გახეთქილი, სადაც შეშუპება განვითარდა. ვიდეო-კადრებში ჩანს, რაც გაკეთებულია პროზექტურაში, ექსპერტიზის დროს, რომ ზურას თავზე ძალიან სერიოზული დაზიანება აღენიშნება. დაზიანება მას აღენიშნება კანზე, კანს ქვეშ, ძვალზე და ძვლის ქვეშაც ტვინის საფარზე, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ მას თავში რაღაც მძიმე საგანი ჩაარტყეს. ანალოგიურად, უსუპოვს ცალსახად და მკაფიოდ მკერდის არეში ნაჩხვლეტები აღენიშნება. ეს ყველაფერი სურათებზე ჩანს. ბევრ რამეს კიდევ სჭირდება ექსპერტიზა", - აღნიშნა ჟვანიამ.