პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროში მომხდარ საკადრო ცვლილებებს და ვალერი ზუმბაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
უსუფაშვილის განცხადებით, საჯარო თანამდებობის პირებმა საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს ყურადღებით უნდა უსმენდნენ, თუმცა გადაწყვეტილებები საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიიღონ.
"უნდა დავასაბუთოთ ეს გადაწყვეტილება, არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ვინმეს დანიშვნას ან დაწინაურებას ეხება, რომელიც წინა ხელისუფლების ან სხვა დროს კრიტიკის ობიექტი იყო. ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და პასუხები უნდა იყოს დამაჯერებელი. ეს ყველას ეხება. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გააზრებაც, რომ თუ ვინმეს რაიმეში დანაშაული მიუძღვის, ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ვალერი ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა. ზუმბაძე ფიგურირებს 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფების დაკავების საქმეში, 2010 წელს ჯაშუშურ ქსელში ჩართული ადამიანების გამოსააშკარავებელ ოპერაცია ”ენვერში” და გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე ჩართული იყო 2012 წლის ლაფანყურის საქმეშიც. ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას საქმის გამომძიებელიც იყო. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წლის მაისში დააკავეს. სასამართლომ მას თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მაისაიას საქართველოს ბოლო მოწვევის პარალამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა პოლიტოლოგმა სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის 13 სექტემბერს დატოვა.
ზუმბაძის გარდა თანამდებობა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმაც დატოვა.