ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, 12 თებერვალს ბრიუსელში შეხვედრა სამ მთავარ თემას - ტერორიზმთან ბრძოლას, უკრაინის კრიზისსა და რუსეთთან ურთიერთობებს მიეძღვნება.
დისკუსია ევროპარლამენტის პრეზიდენტთან აზრთა გაცვლა-გამოცვლით დაიწყება, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს. ამასთან, ევროსაბჭოს წევრები უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ.
"ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და განვიხილავთ ნებისმიერ, შესაბამისი ზომის მიღების შესაძლებლობას; ამის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხის განხილვაზე გადავალთ - პარიზზე განხორციელებილი შეტევისა და უკანასკნელი ღონისძიებების გათვალისწინებით. მე ვთხოვ ჩემ კოლეგებს, გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. ბოლოს, ეკონომიკურ საკითხებსაც შევეხებით - მე მოვიწვიე ევროპის ცენტრალური ბანკისა და Eurogroup-ის პრეზიდენტები დისკუსიაში ჩართვის მიზნით. ველი თქვენთან შეხვედრას",- ნათქვამია დონალდ ტუსკის წერილში, რომელსაც ის ევროსაბჭოს წევრებს უგზავნის.