"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მისი გარდაცვალების მიზეზთან.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ჟვანიას საქმეში არავითარი ახალი გარემოებები არ არსებობს და ყველა ის გარემოება, რაც საქმეში არსებობდა, დაფარული იყო და ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.
"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს საქმე, გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოები არიან და უაზროდ ჰყავთ დაკავებული. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო. საქმეში არსებობს ამის ყველა მტკიცებულება, მათ შორის არსებობს ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნაც. ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მის გარდაცვალებასთან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ტელეკომპანია "რუსთავის 2"-მა გუშინ გაავრცელა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, ხოლო ბინა ჰერმეტულად იყო დახშული.
"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ დასკვნას ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები არაერთხელ გაეცნენ. დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ უბინძურესი ვერსია შეთითხნა. გოგლა ჟვანიას თქმით, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ.